სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიკოსები დააკავა

17 ოქტომბერი 2025, 17:53 501 ნახვა

ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების საქმეზე სამართალდამცავებმა 3 პირიდან ერთი ბათუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით  სავარაუდოდ ის  შუამავალი იყო ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში.

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა და არც მედიკოსები არ გამოუკითხავთ სამართალდამცავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა, დამხმარე პირებთან ერთად ფულადი თანხის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისში მედიკოსმა 3000 ლარის, ბათუმში ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა 9500 ლარის, ხოლო ქუთაისში მედიკოსმა 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს  ყალბი სამედიცინო ცნობა მოუმზადა, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ. 

გამოძიებით დადგენილია, რომ  სამივე შემთხვევაში ქმედების მიზანი სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების საფუძველზე საპენსიო და სხვა შეღავათების მიღება იყო. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 მედიკოსს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში