პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, დაზარალებულებისთვის 6 მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

04 ნოემბერი 2025, 17:03 161 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაზარალებულებისთვის კიდევ ექვსი მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას პროკურატურა ავრეცლებს.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მოსახლეობას კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება.

„სახელმწიფოს საკუთრებაში უსაფუძვლოდ დარეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის მოექცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურსა და ხეთაში მდებარე მანანა ფიფიას 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თეიმურაზ კაკულიას – 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თეიმურაზ ტურავას – 3123 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შოლინა კანკიას – 3225 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მაია მელაძის 4118 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა თბილისში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მელაძემ 2011 წლის 26 ოქტომბერს მოქალაქე რ.წ.- გან სოფელ დიღომში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც გადაიხადა 4 000 აშშ დოლარი. ქონების შეძენიდან მოკლე დროში, გიორგი მელაძე ქონების კანონიერად შეძენის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში, სადაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. 2011 წლის 8 დეკემბერს გიორგი მელაძე დაზარალებულად ცნეს იმავე სისხლის სამართლის საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებმა ზეწოლის შედეგად, გიორგი მელაძე აიძულეს, 2011 წლის 14 დეკემბერს, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიეტოვებინა მის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი მიწის ნაკვეთი.

დეპარტამენტის მიერ ექვსივე ზემოხსენებული პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი, შესაბამისად, დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთები. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად ცნობილია 494 პირი, რომელთაგან 341 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 200 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 124 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 123 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე