პროკურატურამ პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა

12 დეკემბერი 2025, 17:56 239 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, გამორჩენის მიღების მიზნით, შუახევის რაიონში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს უსაფუძვლოდ დააბრალა მისი კერძო საკუთრებიდან 4200 ლარის ღირებულების ხის მასალის ქურდობის ფაქტი, დაემუქრა დაჭერით და მოსთხოვა ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშივე ბრალდებულს მიუტანეს 4200 ლარის ღირებულების ხის მასალა. ასევე, ბრალდებული, შუახევის რაიონში უნებართვოდ აშენებდა სახლს და 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად, სამსახურებრივი ავტომანქანით მის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხ თანამშრომელს, ამუშავებდა ხის მასალის გადაზიდვასა და დალაგებაში მაშინ, რა დროსაც, ხსენებული პირები იმყოფებოდნენ მორიგე ცვლაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი კი, რომელიც ასევე უნებართვოდ აშენებდა სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძი“-ზე კოტეჯს, სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის, სისტემატურად სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომანქანებითა და საწვავით. ასევე, აღნიშნულის განხორციელებას თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა მის დაქვემდებარებაში სამორიგეო ცვლაში მყოფ თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 11 დეკემბერს დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია როგორც დახერხილი ხის მასალა ასევე მოჭრილი ხის მორები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი