შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი", „გამომშრალი მარიხუანა" და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბური.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო იმერეთის პოლიციამაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, რეალიზაციის მიზნით დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.