ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი

05 ნოემბერი 2025, 11:14 120 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.  

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით. შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა  ლიკვიდირებული.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად ჩაატარეს. 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.

ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და  საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ  2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე  რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად უზრუნველყოფს, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი", -  აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე