აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მოქმედს აკრიტიკებს

25 მაისი 2017, 00:00 3565 ნახვა

"მხოლოდ ამ ადგილზე 5 უმსხვილესი პროექტი შეჩერდა და ეს ნიშნავს, რომ ბათუმის განვითარება ეჭვქვეშ დგება" - ეს განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ  გააკეთა.

ახალი ბულვარის ბოლოს, ვარშალომიძემ იმ პროექტების ბანერები გამოფინა, რომელიც, მისი განცხადებით, 2012 წელს დაუტოვა ხელისუფლებას, მათ კი პროექტები ვერ განახორციელეს. 

"მარტო ამ მონაკვეთში უნდა განხორციელებულიყო უმსხვილესი პროექტები, ეს არის ნაპირდაცვა, კონკრეტული ხიდი, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა გონიოს პოლიგონთან ბათუმი.გონიოს გზა, რომელიც უნდა მისულიყო გონიოს ციხემდე. ახალი ნაგავსაყრელის პროექტი, რომლის მიხედვით ნაგავსაყრელი სხვაგან გადადიოდა აქ კი ფინანსური ცენტრი შენდებოდა. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ბათუმის სტადიონი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს პროექტები იყო დატოვებული და ბოლო 5 წლის განმავლობაში გაჩერებულია. უფრო მეტიც, არ კეთდება. ეს კი ​ბათუმის განვითარებას ეჭვის ქვეშ აყენებს" - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. 

ვარშალომიძემ, ახალ ბულვარში, ნაპირსამაგრი სამუშაოებიც გააკრიტიკა. "რაც დღეს  ნაპირგამაგრების კუთხით კეთდება, ეს პრობლემას უქმნის მთლიანად ქალაქს, რადგან შენდება ყრუ კედელი, რაც გვაკარგვინებს პლაჟს" - განაცხადა ვარშალომიძემ.  

ასევე, ხელისუფლება უუნარობაში დაადანაშაულა სტადიონის მშენებლობის გაჭიანურების გამო. "2013 წლის შემდეგ, ხან ხაბაძისგან, ხან პატარაძისგან გვესმის, რომ სტადიონი იქნებაო, სად არის? იგივე ხიდთან დაკავშირებით, რატომ არ გაკეთდა დატოვებული პროექტი, გასაგებია ძველის მშენებლობაში ამერიკულმა ყარყატმა შეუშალა ხელი, მაგრამ ახალი სად არის?" - განაცხადა ვარშალომიძემ. 

"როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრობის წევრებმა დაინახეს, რომ ეს პროექტები სწორად ხორციელდება და მაგიტომ დაიწყეს ხმაური" -  ლევან ვარშალომიძის პრეტენზიებს შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობაში პასუხობენ.  

აჭარის ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა აქამდე არსებულ პროექტებთან ერთად, დამატებით, რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში