ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ერთი წელი არ არის განსხვავებული წინა წლებთან შედარებით, მოლოდინის რეჟიმში იყო საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა თუ რა გამოწვევები შეიძლება ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ერთი წლის შეფასებისას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ოპოზიციას შეეძლო გაეგრძელებინა სახელმწიფოებრივად აზროვნება და შესულიყო პარლამენტში, თუმცა მათ გეგმას თავიდანვე საქართველოში ძალადობრივი ქმედებების განხორციელება წარმოადგენდა.
„ჯერ კიდევ არჩევნებამდე ხელისუფლება ვსაუბრობდით გამოწვევებზე, თუ ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გამოწვევები. თანმიმდევრული ვიყავით იმაში, თუ როგორ ცდილობდნენ გარე და შიდა ძალები ერთობლივად დაზიანებას ჩვენი სახელმწიფოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების. 26 ოქტომბრის არჩევნები ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომელზეც გააკეთეს აქცენტი, რომ შემდეგ განხორციელებულიყო ძალადობრივი ქმედებები. ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ იმდენი მხარდაჭერა, რომ არჩევნებში გაემარჯვებინათ. ჩემი აზრით, მათ საკმაო ხმები მოიპოვეს, დემოკრატიულ ქვეყანაში 40 პროცენტი როცა აქვს ოპოზიციას, ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მათ შეეძლოთ გაეგრძელებინათ სახელმწიფოებრივად აზროვნება და შემოსულიყვნენ პარლამენტში“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რაც იმ საზოგადოების უმრავლესობის დამსახურებაა, რომელიც მხარში უდგას სახელმწიფოს.
„მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სხვადასხვა სფეროებში ცვლილებები და კვლავ წინსვლა ჩვენი ქვეყნის - რეალობაში ეს ჩანს და ამას ემხრობა საზოგადოების უმრავლესობა. არის უმცირესობის უმცირესობა, ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ გარე ძალებთან ერთად ახორციელებს ქმედებებს და ესეც მილევად რეჟიმშია. მთავარია ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული და ჩვენი ვალია, რომ მეტად იყვნენ ჩართული საზოგადოების წევრები სახელმწიფოს მშენებლობაში. მმართველი პარტიის მომხრეები და ის ძალები, რომლებიც მუდმივად გრძნობენ ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას, მხარში უდგანან სახელმწიფოს და ამანაც განაპირობა, რომ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაძლებლობა იმის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.