"ინტერაქტიული" სასწორები აჭარაში ტურისტებს სახალისო ლექსებით იწვევენ

25 მაისი 2017, 00:00 4254 ნახვა

"თუკი სასწორი იმედს გიცრუებს, არ ჩამოყარო მაინც ყურები.

აქ, აჭარაში შენთვის მზადდება ცომგამოცლილი ხაჭაპურები",   -   ასე სხარტად და პოზიტიურად გიპასუხებთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ დადგმული სასწორები, რომლებიც ამ დროისთვის დედაქალაქშია განთავსებული და დამსვენებლებს აჭარაში ეპატიჟება.

სასწორები თბილისში ორი დღის წინ განთავსდა. იგი სხვადასხვა წონისა და ასაკის მომხმარებელს უყურადღებოდ არ ტოვებს.

მცირეწონიანებს სასწორი ასე პასუხობს:

"თუ უმადობა გაშინებს და ვერ იმატებ წონაში,

იცოდე: ცურვა აშიებს ჩვენს საკურორტო ზონაში".

ორიგინალური ლექსებით ტურისტების აჭარაში მოწვევა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ეკუთვნის და ის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის კამპანიის ნაწილია. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მერი ემირიძე ამბობს, რომ კამპანიის იდეა დეპარტამენტში გაჩნდა და მის განსახორციელებლად ტენდერიც გამოცხადდა. "სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბანერები"ზაფხული ბათუმიდან იწყება" განთავსდება. "ზაფხულამდე 365 კილომეტრია", ასეთი ბანერი თბილისშია გაკრული, თუმცა, ბანერზე ზაფხულის მოსვლის "კილომეტრაჟი" იმის მიხედვით იცვლება, სად არის განთავსებული შემდეგი ბანერი და იმ ადგილიდან რამდენი კილომეტრია დარჩენილი აჭარამდე" - ამბობს მერი ემირიძემ.

შიდა ტურიზმის კამპანია ტურიზმის დეპარტამენტს 119 ათასი ლარი დაუჯდა, სწორედ ამ ღირებულების ტენდერი მოიგო კომპანია "OUTDOOR.GE", რომელმაც სარეკლამო კამპანია  განახორციელა.

ტენდერის მიხედვით, კომპანია დამატებით, თბილისის ცენტრალური ნაწილში, 11 ავტობუსის გაჩერებაზე სარეკლამო ბანერებს განათავსა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტი კიდევ 115 ათას ლარს დახარჯავს. ივნისიდან, ბათუმსა და ქობულეთში მყოფ ტურისტებს, მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების სარეკლამო ბილბორდები ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში დახვდებათ.

სარეკლამო აქტივობით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, რეგიონში მყოფ ვიზიტორებს, ზღვაზე დასვენების გარდა, მთიან აჭარაში მოგზაურობისკენაც მოუწოდებს. აქტივობები ონლაინ-რეკლამებშიც აისახება. უწყება, შიდატურიზმის პოპულარიზაციისთვის, მასშტაბურ ონლაინ სარეკლამო კამპანიას ივნისიდან დაიწყებს.

"როცა პრობლემა გაქვს წონის, ნუ დაჯდები დიეტაზე, ამ დროს ერთი გზაა სწორი: - უმალ გამოსწიე ზღვაზე"

ამავე კატეგორიაში