ომბუდსმენი: ლგბტ თემის უფლებების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები მინიმალურია

17 მაისი 2017, 00:00 3671 ნახვა

"საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა" - განცხადებას ომბუცმენის ვებგვერდზე სახალხო დამცველი აქვეყნებს.

მისი თქმით,  ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.

"2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე პერმანენტულად მიუთითებდით, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის რწმუნებულები 17 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. "იმედს ვიტოვებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით" - მიმართავს სამართალდამცავებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი