აშშ-ის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია, ამის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ ადმინისტრაციის მიმართაც - პრემიერი

13 მაისი 2025, 10:45 103 ნახვა

აშშ-ის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალაშია გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ“.

„კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა“, - ღნიშნულია ღია წერილში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას შეძლებს, რაც ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე უსათუოდ აისახება.

როგორც წერილშია აღნიშნული, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.

„ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.

როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში! ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ – აღნიშნულია ღია წერილში.



 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი