ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი მათ შორის იმაში, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზეწოლის მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ყველას შევახსენებ, რა წნეხი გამოიარა საქართველომ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში. შეგახსენებთ, მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. ეს მეც მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, ჩემს კაბინეტშიც იყო, რათა ეიძულებინა საქართველო, წასულიყო რუსეთთან ესკალაციაზე, დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა ცა და ასე შემდეგ. ეს ზუსტად ემსახურებოდა ესკალაციას. მაშინ ეს წნეხი მოდიოდა ყველაზე, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი არის უმაღლესი პირი, რომლის სიტყვაც, გადაწყვეტილებაც არის გადამწყვეტი ქვეყნისთვის.
ამერიკის ელჩის პირით იქნებოდა, თუ სხვა წნეხი, რომელიც მოდიოდა სხვადასხვა მხრიდან, ემსახურებოდა იმას, რომ შევსულიყავით ესკალაციაში. გახსოვთ, უკრაინა როგორ ესხმოდა თავს საქართველოს ხელისუფლებს, პირდაპირ აქციებს გვიორგანიზებდა პარლამენტის წინ. პირდაპირ ერთვებოდა ზელენსკი, ელჩი გაიწვია, რათა ყველანაირად შფოთი შემოეტანა საქართველოში და ეიძულებინა საქართველოს ხელისუფლება, წასულიყო ესკალაციაში რუსეთთან. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა იქნებოდა ამისი ბოლო, ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რა იქნებოდა ბოლო არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის და ეკონომიკის თვალსაზრისით, არამედ რა იქნებოდა და როგორ გავიდოდნენ ამ აურზაურიდან, აყალმაყალიდან ისინი, ვინც ჩაგვითრევდნენ ესკალაციაში. ამიტომ, მათ შორის, ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ამაში ირაკლი ღარიბაშვილის როლი არის განმსაზღვრელი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო, რათა მაშინ ამ წნეხს გაუძლო.
გარდა ამისა, მისი მონაწილეობა იყო განმსაზღვრელი, რათა კოვიდის პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო. შეგახსენებთ, 2021 წელს გიორგი გახარია მაშინდელი ამერიკის ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან, რათა ჩამოეშალა ხელისუფლება. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო თავის თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში. ეკონომიკური ზრდის შედეგები მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელის დამსახურებაც არის. ასე რომ, მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გაწია, წარმატება ვუსურვო მის ოჯახთან ერღად. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს განვითარებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული და დედები კვლავ არ შეიმოსნენ ძაძებით, ამაში არის ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დამსახურება.
„ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც მაშინაც, უცხო ქვეყნის დროშების ფრიალით იდგნენ რუსთაველის გამზირზე და დღესაც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. ხალხი, რომელიც პირდაპირ გვექაჩებოდა ომისკენ, ოღონდ შექების სიტყვა მოესმინათ რომელიღაც უცხოელი ელჩისგან, პოლიტიკოსისგან. ამას გადააყოლებდნენ მთელ ქვეყანას. დღეს რომ საუბრობენ გმირ ჯარისკაცებზე, ძაძებით შემოსავდნენ დედებს, რომლებსაც დასატირებელი ეყოლებოდათ ჩვენი შვილები. დღეს ეს ხალხი, მათ შორის, იმასაც ვერ აცნობიერებდნენ, რომ ისინიც გადაურჩნენ ამ ყველაფერს. ასე რომ, რომ არა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცე პოზიცია, საქართველოში საზოგადოება ან დამტირებელი იქნებოდა ან მისი დატირებით იქნებოდნენ დაკავებული მისი ახლობლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.