აჭარის მთავრობა 6 მილიონამდე საგანმანათლებლო გრანტების გაცემას შეძლებს

04 მაისი 2017, 00:00 5126 ნახვა

აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აჭარის მთავრობა  6 მილიონ ლარამდე საგანმანათლებლო გრანტების გაცემას შეძლებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ადასტურებს. 

"ძალიან სასიხარულო ამბავია აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. კანონმდებლობით, აჭარის მთავრობას უფლებამოსილება ენიჭება დამატებითი ფინანსური რესურსით დაეხმარონ სტუდენტებს, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება" - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონი. კანონის მისაღებად, დამატებით პარლამენტმა ორჯერ უნდა უყაროს კენჭი პროექტს. 

"მოგეხსენებათ, მანამდე არსებობდა სახელმწიფო გრანტების ერთიანი სისტემა, რომლითაც სარგებლობდნენ აჭარაში მაცხოვრებელი სტუდენტებიც. აჭარის მთავრობამ გამოთქვა სურვილი, რომ თანადაფინანსების სისტემაში ჩართულიყო და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაცხოვრებელი სტუდენტებისთვის თანადაფინანსების საშუალება ჰქონოდა.  როგორც მე მაქვს ინფორმაცია, წელიწადში 6 მილიონი ლარით დაფინანსებაზეა საუბარი" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

საგრანტო სისტემა შეეხება განათლების სამივე საფეხურს ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორებს, თუმცა დაფინანსების კრიტერიუმებს აჭარის მთავრობა განსაზღვრავს. 

პარლამენტში ვარაუდობენ, რომ ცვლილებები2017-2018 წლამდე  შევა ძალაში. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი