"გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებდა, თუმცა ფიქრობს, რომ ხდება კომისიის გამოყენება ჰიბრიდული ომისთვის, მსგავსი რამ მოხდა ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტშიც და ამიტომ ჩათვალა, სხდომაზე გამოცხადებულიყო.
„გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა, დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. ფაქტია, თქვენ არ გაინტერესებთ, ვინ გასცა ბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ. კომისიის მუშაობას რასაც თვალს ვადევნებ, სხვა საქმეებშიც მთავარ ფიგურანტებს, „ნაცების“ წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ „ნაცების“ გასამართლებას ან აკრძალვას. არ ვიცი, რას აპირებთ. ამიტომ, მე ამის კონტექსტს ვერ ვხედავდი. ვხედავ, რომ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საქართველოს მოქალაქეებზე საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურების კონტექსტში. გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს, რომ კომისიას ვაღიარებ. ამ კომისიას რომ ვაღიარებდე, აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლებიც იქნებოდნენ. მე ვაღიარებ იმას, რომ, სამწუხაროდ, მუშაობს ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე. მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, რათა ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.
„ამ გეგმაში უნდა ჩაგეწერათ, თუ ეს გეგმა სპეცოპერაციამდეა ხელმოწერილი, სადაც იქნებოდა სპეცსაშუალებებში, ასევე შესაბამის ფურცელზე ჩაწერილი, რომ მისატანი იყო ადგილზე რკინის კედლები. რკინის ღობე, ჯებირი ნამდვილად, რომელიც თან ახლავს პარლამენტს, რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანაც გემახსოვრებათ. ეს ჯებირი ყოველთვის იყო თაღებში. არ იყო საკმარისი? მე ხომ არ მოვიტანდი უცხოეთიდან, იუსტიციის მინისტრი, იღლიით რკინის კედლებს? მოგეტანათ რკინის კედლები! ამხელა უწყება გქონდათ. ბრძანებაში არ წერია რკინის კედელი, ახლა იძახით რკინის კედელი არ იყოო. რაც იყო, იმ ჯებირის უკან მაინც დაგეყენებინათ?!“- განაცხადა წულუკიანმა, რასაც გახარიამ უპასუხა, რომ გავრილოვი რომ არ ჩამოეყვანათ, ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.
ამასთან, წულუკიანმა მიმართა გახარიას და დაინტერესდა, თუ რატომ იტყუება, როცა ამბობს, რომ ოპერაციის შესახებ აზრი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს კითხა.