ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უკანონო ჩამორთმევა 2006 წლიდან დაიწყო და 2008 წელს ფაქტობრივად დამთავრდა, მთელი ქონება, მთავრობის ერთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ჩამოერთვა - დავით გურგენიძე

10 აპრილი 2025, 16:22 237 ნახვა

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს უსმენენ.

დავით გურგენიძემ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მოხვდა ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება გიული ალასანიასა და მისი მეგობრების ხელში, რომლებმაც, მისივე განმარტებით, დააფუძნეს „საქართველოს უნივერსიტეტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ბაზაზე და „საქართველოს უნივერსიტეტი“ დღემდე ფლობს ამ აქონებას.

დავით გურგენიძის განცხადებით, დადასტურებული ფაქტია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ქონების წართმევის გზით, იმდროინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი.

„2004 წელს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ქვეყანაც 2 000 წლის მერე დაღვინდა, დაწყნარდა. უნივერსიტეტში მიმდინარეობდა უკვე სარემონტო სამუშაოები. უნივერსიტეტს შეეძლო კრედიტების აღება. დაიწყო სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია. უნივერსიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე. საქართველოს ისტორიის კათედრაზე უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ ყველასთვის კარგად ცნობილი ქალბატონი გიული ალასანია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი და ეს ფაქტი ყველამ იცის, ქალბატონმა გიული ალასანიამ 2006 წელს მიმართა წინადადებით რექტორს, როდესაც პრეზიდენტი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, რომ უნივერსიტეტს შეექმნა დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო სასწავლო სამაგისტრო სწავლების ცენტრი, ზუსტად აქედან იწყება, რადგან როდესაც ქვეყანას ებრძვიან, იწყებენ უნივერსიტეტებთან, ინტელიგენციასთან და სარწმუნოებასთან ბრძოლას.

ამ თხოვნის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოყალიბდა ეს ცენტრი, რომელსაც გამოეყო უნივერსიტეტის 12 სალექციო ოთახი. ყველას ეგონა, რომ ეს იყო საშური საქმე და როდესაც ამას პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა ჩაუდგებოდა სათავეში, უნივერსიტეტისთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი გარღვევა საერთაშორისო სარბიელზე, თუმცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არასდროს აკლდა საერთაშორისო სარბიელზე ავტორიტეტი და არც დღეს აკლია. მაშინ ახალი საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი სოციალურ ჰუმანიტარულ მიმართულებებს ჩვენს უნივერსიტეტში და ასევე, რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით, ბევრ წარმატებას მივაღწევდით. ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტის რექტორზე, აკადემიკოს რამაზ ხუროძეზე და მთელ რექტორატზე. უნივერსიტეტში შემოდის კონტროლის პალატა და უნივერსიტეტი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაციას ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროდან, ჩვენთვის კარგად ცნობილი ქალბატონი ჩიორა თაქთაქიშვილი. უნივერსიტეტს უჩერდება ავტორიზაცია იმ მიზეზით, რომ მას არ ჰყოფნის ფართები. რა თქმა უნდა, ეს ბატონი ხუროძესთვის პიროვნულადაც, როგორც პედაგოგისთვის, მძიმე დარტყმა იყო. მიხვდა, რომ უნივერსიტეტისთვის კიდევ მეტი დარტყმები იქნებოდა და პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან...

მთელი სახელმწიფო აპარატი ერთვება უნივერსიტეტიდან ქონების წაღებაში. ცენტრის ბაზაზე ყალიბდება შპს საქართველოს უნივერსიტეტი. რაც შეეხება ქონებას, მთელი ქონება, მთავრობის ერთი გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს ჩამოერთვა," - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

დავით გურგენიძის თქმით, ეს საქმე გამოსაძიებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში