საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად.
„ჩვენ ამას ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მათ სცენარს და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში, ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც დავწერე - ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ, გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართული არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარე ძალებს არ მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალება და პირიქით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების გასაერთიანებლად სიყვარულის გარეშემო. საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს სიყვარული, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხელოვნურად დაგვყონ სიძულვილის გაღვივებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად.
"თქვენ ხედავთ, რომ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას და ზუსტად იგივე პროცესები წარიმართებოდა საქართველოში დაახლოებით 35 წლის წინ, როდესაც მაშინდელი საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს გარკვეული პერიოდის შემდეგ 9 აპრილიდან. დღეს უკვე ვხედავთ, რომ უკვე სხვა ძალები, მაგრამ გარე ძალები, ასევე ცდილობენ ხელოვნურად გახლიჩონ ქართული საზოგადოება, დათესონ სიძულვილი და ეს ძალები, ეს უცხო ძალები მოქმედებენ ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც მოქმედებდა თავის დროზე საბჭოთა „კაგებე“, მე ვგულისხმობ ე.წ. „დიფ სთეითს“ და ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის (მანამდე მოქმედებდა, ოფიციალური სტრუქტურების) გამოყენებით. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე, აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის ბიუროკრატია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი. დღევანდელი დავალებაც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომელიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად,საზოგადოების გასახლეჩად, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. დღევანდელ დღეს, მათ სცადეს 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ, კიდევ ერთხელ, საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად.
რა თქმა უნდა, ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდა თავის დროზე, 34 წლის წინ საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, ჩვენ აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და აუცილებლად განვაგრძობთ ბრძოლას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი საერთო ოცნებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასევე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.