ევროსაბჭოს ასამბლეაში ზოგიერთ წევრს უნდა ყვირილი და არა – დიალოგი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქართველი ხალხისა და სუვერენიტეტის პატივისცემა ვიდრე არ იქნება და ეს პატივსაცემი ასამბლეა ივლის ესტონეთის, ლიტვის თუ მსგავსი ხელისუფლებების ჭკუაზე, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ, მანამდე წარმოუდგენელია, რომ ქართველმა ხალხმა ასეთ დებატებში მონაწილეობა მიიღოს. ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაში ზოგიერთ წევრს უნდა ყვირილი და არა – დიალოგი. ამით იმას ემსგავსებიან, რასაც თითქოს, ებრძვიან. ასეთ ქცევაში არანაირი ევროპული ღირებულება აღარ არის“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის აუდიტორთა დასკვნით, არასამთავრობო სექტორზე ევროკავშირის შვიდი მილიარდი გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა, თანხები გამოიყენებოდა ძალადობრივი აქციებისთვისაც.
„ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რაზეც ვსაუბრობდით – ზოგს ამის დაჯერება არ უნდოდა, ზოგს აღიარება და ზოგს ამაზე პასუხისმგებლობის აღიარება, თუმცა მოუწიათ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ხელისუფლება შეიცვალა და ამხილა „ისფედის, „ნედის“, სხვათა თაღლითური სქემები და პოლიტიკურად მოტივირებული ქცევა აღიარა. იმავეს ვსაუბრობდით ევროპულ ფონდებზე, ევროპის დემოკრატიის ფონდზე და ახლა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაადასტურა, რომ 7-მილიარდიანი ბიუჯეტი გაუმჭვირვალედ იხარჯება. მათ შორის, ამ დასკვნის მიხედვით, ამ თანხების გამოყენება ხდებოდა ძალადობრივი საპროტესტო აქციების განსახორციელებლად. მგონი, ბევრი რაღაც გვეცნობა, პარალელები საქართველოსთან დაკავშირებით რაც ხდება, რომ ეს თანხები გაუმჭვირვალედ იხარჯებოდა. შესაბამისად, აქ არის, რომ როცა ერთის მხრივ ეჭვია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევისთვის ფულის გამოყენება ხდება, მეორე მხრივ კი, ავტომატურად კორუფციის ეჭვი წარმოიშობა. შვიდი მილიარდი ევრო როცა ტრიალებს გაუმჭვირვალედ, რა თქმა უნდა, იქ ზოგიერთი ხელს ითბობს. სამწუხაროდ, საქართველოშიც გრანტებთან დაკავშირებით ეს ეჭვი არსებობს და ამაზე საუბრობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი ჯერ ჩუმად, კერძო საუბრებში ან ირიბად, მაგრამ უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ გრანტების სისტემაში კორუფციაა, როცა ერთი და იგივე „ენჯეო“ იღებს ფულს, ერთი და იგივე ადამიანები არიან ექსპერტების სახით, რომლებიც ტრიალებენ სხვადასხვა „ენჯეოში“ და იღებენ სხვადასხვა დაფინანსებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსის ბოლოში ვნახავთ, რომ ამ ფულს „ისფედი“ მიიღებს.