ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8 %-ს მიეწოდება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ 

25 თებერვალი 2025, 16:38 122 ნახვა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგია შეზღუდვით ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8 %-ს მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გურიაში და აჭარაში, დამატებითი ტექნიკური ბრიგადების მობილიზება თითქმის მთელი საქართველოდან, ამინდის გაუარესებიდან მოკლე დროში მოახერხა.

„ელექტრიკოსები ამ დრომდე აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებიან, თუმცა, დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრასტუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.

ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 % -ს მიეწოდება. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით 28 % -ს (16 000 აბონენტს) მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით.

ამ დროისთვის სტიქია უტევს ასევე იმერეთს, განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური აქაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში