ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ლარის კურსის მყისიერი გაუფასურების მოლოდინი არ არსებობს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ეროვნული ვალუტა 5-6%-ით არის გაუფასურებული.
„ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. დოლარი გამყარდა ბოლო პერიოდში ევროსთან და ყველა ვალუტასთან, მათ შორის ლართან მიმართებაში. ლარის კურსთან დაკავშირებით ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო მაღალი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, მზარდია ტურიზმიდან შემოსავლები.