აზერბაიჯანული მედიასაშუალება Caliber-ი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარესთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
გივი მიქანაძე ჟურნალისტთან ბაქოში ვიზიტის შესახებ ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს იყო საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების პირველი საგარეო ვიზიტი.
"ამით, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მოძმე აზერბაიჯანთან ურთიერთობა", - აღნიშნავს მიქანაძე.
მისივე თქმით, "საკანონმდებლო დიპლომატიის" გზით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება კიდევ უფრო გააფართოებს თანამშრომლობის სფეროებს.
"უკვე შედგა პოზიტიური კომუნიკაცია ორი პარლამენტის სპიკერებს შორის და ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ურთიერთობები ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის. ჩვენი წინადადება იყო, მაქსიმალურად აქტიურად მივუდგეთ კონკრეტულ სფეროებს, რათა ორი პარლამენტის კომიტეტებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, არამედ მეგობრობის ჯგუფების დონეზეც - მათ შეუძლიათ კოორდინაცია და ამ პროცესში დამატებითი დინამიკის შეტანა", - აღნიშნავს მიქანაძე.
მისივე განცხადებით, ეს წინადადება პოზიტიურად მიიღო აზერბაიჯანულმა მხარემ და შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დაიწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აღწერდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობას 2024 წელს და რას უნდა ველოდეთ 2025 წლის განმავლობაში, გივი მიქანაძე პასუხობს:
"2024 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჰარმონიული. მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესებს, ისტორიულ კავშირებსა და ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობას.
განსაკუთრებული როლი ითამაშა ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროში განხორციელებულმა პროექტებმა, რომლებიც ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.
2025 წლის პერსპექტივები ოპტიმისტურად გამოიყურება. მოსალოდნელია ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივების შემდგომი განვითარება, განსაკუთრებით სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით, როგორიცაა ტრანსკასპიური მარშრუტი. ასევე, მნიშვნელოვან ასპექტად რჩება თანამშრომლობა არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და საქართველოს, არამედ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, რადგან ჩვენი ქვეყნები ეკონომიკურად ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. აქედან გამომდინარე, არსებობს როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი ფორმატები, რომელშიც ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ.
ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, კულტურული დიალოგის განვითარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ურთიერთობების განმტკიცებაში"-აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, იზრდება ჩინეთის ინტერესი აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართ.
მიქანაძის განმარტებით, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი არსებობს.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყნებთან მიმართებით არსებობს მიზანმიმართული ორმაგი, მე ვიტყოდი, სამმაგი სტანდარტის გამოყენების პოლიტიკა. ზოგიერთი კანონის მიღება როდესაც შესაძლებელია საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, მსგავსი და კიდევ უფრო ლიბერალური კანონების მიღება რატომღაც შეუძლებელია საქართველოში. ვხედავთ, რომ დასავლეთისთვის მიუღებელია პოლიტიკა, რომელიც იცავს ოჯახურ და ეროვნულ ფასეულობებს, ჩვენი ქვეყნის კულტურულ, ისტორიულ ტრადიციებს. საქართველოსთვის კი, ხალხის უმრავლესობისთვის, ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლეთის თვალსაზრისით, მონაწილეობა უნდა მივიღოთ მხოლოდ იმ ნარატივების მხარდაჭერაში, რომლებიც მნიშვნელოვანია ზოგიერთი უმცირესობისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ ჩვენი საზოგადოების ტრადიციულ ღირებულებებს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 54%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა და მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ 11% მიიღო. ანუ, გამარჯვებულ პარტიასა და ოპოზიციას შორის განსხვავება 43%-ს შეადგენს. თუნდაც ერთობლივად ავიღოთ ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში, მათ 15-16%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მმართველ პარტიას. ეს მეტყველებს, რომ 12 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში ყოფნისას, მმართველმა პარტიამ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი, მისაღებია მოსახლეობისთვის. რაც მთავარია, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. 1991 წლის შემდეგ ეს არის პირველი მთავრობა, რომელმაც შეძლო საქართველოში სტაბილური მშვიდობის მიღწევა"- განაცხადა გივი მიქანაძემ.