„პროევროპელებმა“ ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს, ომის შემდეგ გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად, რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებს სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს, მათი მხარდამჭერი ბიზნესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ექსპორტ-იმპორტზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა მდინარაძის თქმით, „პროევროპულ“ პარტიებს აღქმების ჩამოყალიბების მცდელობები აქვთ.
„აღქმების ჩამოყალიბების მცდელობები და ფაქტები! „პროევროპელებმა“: მიიტაცეს მედია! დაარეკეტეს ბიზნესი! მოკლეს და აწამეს ათასობით ადამიანი! ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს! რუსებს ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე! რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალეს! ომის შემდეგ გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად! ომის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციებს მიყიდეს სტრატეგიული ობიექტები! გაირკვა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება ლეგენდით „სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობა“! გაირკვა, რომ დღეს მათი ტელევიზიები დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს რუსული დანაშაულებრივი ქოლცენტებიდან იღებენ! გაირკვა, რომ მათი მხარდამჭერი ბიზნესი ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ექსპორტ-იმპორტზე! მხოლოდ ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხჯერ ცადეს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და ასევე, არაერთგზის რუსეთის საქართველოში შემოჭრის პროვოცირება!.
„პრორუსებმა“: გავათავისუფლეთ მედია! გავათავისუფლეთ ბიზნესი! აღვკვეთეთ ადამიანის ღირსებისა და უფლებების შემლახავი ყველანაირი პრაქტიკა! რუსეთს მოვუგეთ ყველა დავა საერთაშორისო სასამართლოებში! ქართველ სამხედროებს ავაცილეთ ომის დანაშაულის დაბრალებული პასუხისმგებლობა! ხელი მოვაწერეთ ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებზე ევროკავშირთან! მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია! მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! უზრუნველვყავით ქვეყნის სუვერენიტეტი! რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, გავხდით რუსეთის ჰააგაში გასამართლების თანაინიციატორები!.
ეს რაც უცებ შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს. რას უშვრებიან ადამიანებს, რომლებსაც მათი სჯერათ, რთული მისახვედრი არ არის. თუმცა კიდევ კარგი, რომ უმრავლესობა მათ უდიდეს ფსიქოლოგიურ და დეზინფორმაციულ წნეხს არ ექვემდებარება. ფაქტია, ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ამდენი საუკუნის განმავლობაში! გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ, ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.