29 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება - შალვა პაპუაშვილი

26 დეკემბერი 2024, 12:03 162 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიას ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის საორგანიზაციო საკითხები გააცნო.

მისივე თქმით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება. ასევე აღნიშნა, რომ ინაუგურაციის ცერემონია, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება, პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრებიან.

„კვირას 29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

 

იცით, რომ გავავრცელეთ განცხადება ცერემონიის გაშუქებასთან დაკავშირებით. მედიას განსაკუთრებით ვთხოვ, რომ ყურადღება მიაქციოს, 29 დეკემბრისთვის იქნება სპეციალური აკრედიტაციები გაცემული. ვისაც აქვს სურვილი, გააშუქოს ეს ღონისძიება, მიმართოს საქართველოს პარლამენტის პრესცენტრს. ჟურნალისტებისთვის მოწყობილი იქნება მედიასივრცე ბე კორპუსის ნულ სართულზე რუსთაველის დარბაზში, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, ეკრანზე ადევნოთ თვალყური ინაუგურაციის ცერემონიას. ასევე ჩაწეროთ რესპონდენტები, თავად ინაუგურაციის პროცესის გადაღება უზრუნველყოფილი იქნება პარლამენტის მიერ და ასევე სიგნალი პირდაპირ ეთერისთვის მიეწოდება ყველა მედიასაშუალებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რადგან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. როგორც ეს არის საერთოდ ტრადიცია, საპარლამენტო რესპუბლიკების ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის. შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 
 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში