მაკრონს საქართველოს მთავრობა შემოეღიარა - მამუკა მდინარაძე საფრანგეთის პრეზიდენტის ვიდეო მიმართვაზე

14 დეკემბერი 2024, 13:49 243 ნახვა

მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, „ამასობაში მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა.

„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ.

 

ასევე, შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც საპატიო თავმჯდომარეს, თავისი ინიციატივით დაუკავშირდა პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა, ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. იქით ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის, შემდეგ მაკრონს. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი აძლევს - ამ შენთხვევაში მისი უმრავლესობა, მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და 300 ათასი ადამიანის ხმის გაყალბებას თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია აბსოლუტურად მყარია. მაგრამ 300 ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები იქნება - რა თქმა უნდა, ხუმრობით“, - განაცხადა მდინარაძემ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს და საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებულ მიმართვაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს - ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში