მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის - მიხეილ სარჯველაძე

02 დეკემბერი 2024, 12:36 139 ნახვა

მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.

„მომდევნო წლიდან, არაერთი პროგრამა განიცდის ცვლილებას. შესაბამისად, პროგრამები, საზოგადოების ინტერესების საკეთილდღეოდ, გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული განვითარებაც, გვაქვს განსაკუთრებული გეგმები, ეს უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, ბავშვთა ინფექციურ მიმართულებას, ასევე - ბავშვთა ონკოლოგიას, მედიკამენტების ხარისხსა და კონტროლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პროდუქტი, რომელსაც საზოგადოება არათუ უბრალოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უფლებამოსილია აქ მკაცრად დააწესოს ის ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი ასეთი პროდუქციის დისტრიბუცია და სხვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება დროებითია. როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მატერიალურ-ფინანსური პრობლემის გაჩენა მოსალოდნელი არ არის.

„თუ გავაცნობიერებთ, რა შინაარსი აქვს ამ თანამშრომლობას დღეს, იმ ფონზე, თუ როგორია ჩვენი სურვილი, რომ იყოს აშშ-სთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ხარისხი, გასაგებია, რომ ასეთი გადაწყვეტილება აშკარად არის დროებითი, იმიტომ, რომ არ მგონია, ამას რაიმე კონკრეტული საფუძველი გააჩნდეს ან ემსახურებოდეს ან საქართველოს ან აშშ-ს ინტერესს. აქედან გამომდინარე, მართლა გულწრფელად მგონია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული რამდენიმე კვირის ამბავი, როდესაც გარკვეული პრობლემები შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობებში.

რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გააფუჭოს ამან საქართველოსთვის, ამ დრომდეც ხაზგასმით ვამბობ, სამწუხაროდ, ეს სტრატეგიული თანამშრომლობა უპირატესად პოლიტიკური მნიშვნელობის აქტი იყო, პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ეს მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ეს ამიერიდანაც, სწორედ ამავე თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა. რაც შეეხება რაიმე მატერიალურ, ფინანსურ და ამ სახის პრობლემების გაჩენას, ასეთი მოსალოდნელი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე არ არსებულა, მაგალითად ან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არ ყოფილა გათვალისწინებული იგივე პირდაპირ ფრენა, ან მაგალითად, უვიზო რეჟიმის არსებობს, ან სხვა ტიპის ისეთი რეგულაციები, რომელიც უკეთეს შესაძლებლობებს აძლევდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული თვალსაზრისით აშშ-სთან თანამშრომლობაში. იგივე მაგალითად, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა", - აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში