ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს

25 ნოემბერი 2024, 16:20 119 ნახვა

ევროპარლამენტში იტალიელმა დეპუტატმა, მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავის“ წევრმა, დანილო დელა ვალემ მემარცხენე ჯგუფის სახელით დაარეგისტრირა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, იმუშაონ კონსტრუქციულად კანონის უზენაესობის დაცვით და დაძლიონ ქართულ საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოს ახალ მთავრობასთან ერთიანი და მიზნობრივი დიალოგისკენ.

დოკუმენტის სახელწოდებაა „საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისი ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემდეგ“.

პროექტში ნათქვამია, რომ ითვალისწინებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა ადეკვატურ საფუძველს უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ამომრჩევლებს შესთავაზეს 18 კანდიდატისგან შემდგარი სიიდან ფართო არჩევანი, მონაწილე სუბიექტებს ზოგადად შეეძლოთ კამპანიის თავისუფალად წარმოება და არჩევნების ადმინისტრირება ზოგადად მოწესრიგებული იყო. დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ გარემოში და არათანაბარ პირობებში, რომ იყო ცნობები ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და შემთხვევები, როდესაც ხმის ფარულობა პოტენციურად დაირღვა. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ახალ მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს; ასევე გამოთქმულია წუხილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეუჩეროს საქართველოსთვის ფინანსური დახმარება. დოკუმენტში ხაზგასმულია ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების სარგებელი და მისი შენარჩუნების საჭიროება; გარდა ამისა, ხაზგასმულია საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული დიალოგის საჭიროება.

დოკუმენტში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის მიღების გამო და აღნიშნული კანონი შეფასებულია როგორც თავდასხმა ლგბტქ+ თემზე და საფრთხე მთლიანად სამოქალაქო თავისუფლებებისთვის.

იმეორებს, რომ მედიის თავისუფლება და ტოლერანტობა სექსუალური უმცირესობების მიმართ არის ძირითადი ფაქტორები დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის; ასევე გამოთქვამს შეშფოთებას მედიისთვის ამ კანონის შედეგების გამო იმის გათვალისწინებით, რომ ის აწესებს ცენზურას მაუწყებლებისთვის ლგბტქ+-ის საკითხების თავისუფლად გაშუქების აკრძალვით. პროექტში ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლება და სექსუალური უმცირესობებისადმი ტოლერანტობა არის საკვანძო ფაქტორები დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის.

პროექტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ახლავს რისკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ დაფინანსებას სხვა ქვეყნებიდან, იქნებიან აღნიშნული როგორც „უცხოური აგენტები“.

რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოებებში. დოკუმენტი გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით; აღნიშნავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის განცხადებას, რომ „ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, როდესაც საფრთხე გარდაუვალია“.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია მწუხარება სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო; ხაზგასმულია პოლიტიკურ საქმიანობაში დაბალანსებული გენდერეული წარმომადგენლობის საჭიროება, ასევე გამოთქმულია სინანული საარჩევნო პროცესში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობის გამო; რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ინიციატივები ამ კუთხით.

დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ პრესკონფერენციაზე და ქართველი ოფიციალური პირების შესაბამის მზაობას, გადაწყვიტონ საკითხები მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით; მოუწოდებს ორივე მხარეს, განახორციელონ მტკივე ინიციატივები ამ მიმართულებით.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში