მივმართავთ „ძლიერ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ აქტორებს, დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები - საქართველოს პირველი არხის განცხადება

16 ნოემბერი 2024, 15:25 273 ნახვა

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკური აქტორებს მიმართავს, დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის ნორმები.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური მოძრაობა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ანა დოლიძის ბოლო დღეების განმავლობაში გამოხატულ აგრესიას პირველი არხის ჟურნალისტებისა და მთლიანად ორგანიზაციის მიმართ. როგორც ჩანს, ქალბატონი დოლიძე ცდილობს, გარკვეული დაპირისპირების პროვიცირებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრიმინაციას.

 

პირველ რიგში, ჩვენს შეშფოთებას იწვევს აქციების დროს მისი აგრესია ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, რამაც შესაძლოა, უკონტროლო პროცესი გამოიწვიოს და საფრთხე შეუქმნას ჟურნალისტის და მასთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის უსაფრთხოებას, თავი რომ დავანებოთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. თავის მხრივ, მისი მიზანმიმართული და დაუსაბუთებელი ნეგატიური კამპანია პირველი არხის წინააღმდეგ, ხელოვნურად აქცევს ორგანიზაციას აგრესიის ობიექტად, რაც, ასევე, შეიძლება, საფრთხეს უქმნიდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქმიანობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

 

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ანა დოლიძის საქციელს სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ბაძავენ და ეს კიდევ უფრო ამტკიცებს ჩვენს წუხილს სახიფათო ტენდენციებთან დაკავშირებით. კატეგორიულად ვგმობთ ამგვარ ქმედებას და მივმართავთ პოლიტიკურ გაერთიანება „ძლიერ საქართველოს“, ასევე, სხვა პოლიტიკურ აქტორებს, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა შესაძლო ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებსა და ჩვენს მედიაორგანიზაციასთან ურთიერთობისას დაიცვან საყოველთაოდ მიღებული ქცევის წესები", - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში