ირაკლი კობახიძე დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

07 ნოემბერი 2024, 11:35 240 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ.

დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში