მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

03 ნოემბერი 2024, 10:58 316 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული სახელმწიფო პროგრამით მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული სხვა სამედიცინო ჩვენებების თუ გართულებების მართვის საკითხები. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში