გვჯერა, რომ ყულევის ქარხანა გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში - „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელი მაკა ასათიანი

22 ოქტომბერი 2024, 17:43 220 ნახვა
 

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა ქვეყნის განვითარებას, გვჯერა, რომ ყულევის ქარხანა გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, - ამის შესახებ „ბლექ სი პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა, მაკა ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი გამორჩეული მაგალითია ქართული და უცხოური ბიზნესსტრუქტურების თანამშრომლობის.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, მოგესალმებით კომპანიის სახელით და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებდა და მაღალ საფეხურზე აიყვანდა ქვეყნის განვითარებას. გვჯერა, რომ ყულევის ქარხანა გაზრდის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა მთავრობის ეფექტური მუშაობა და უაღრესად დიდი მხარდაჭერა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო და ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებს აქტიური ხელშეწყობისათვის, უკვე გაზაფხულზე ჩვენც შევძლებთ ჩვენი პროდუქტების ექსპორტზე გატანას.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი გამორჩეული მაგალითია ქართული და უცხოური ბიზნესსტრუქტურების თანამშრომლობის. ნება მომეცით, დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისათვის ყველა საფინანსო ორგანიზაციას, ჩვენს პარტნიორებს და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტს. ჩვენ გავერთიანდით ერთი დიდი მიზნის ირგვლივ და საერთო ძალისხმევით შევძელით ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს მათი თავდადებისათვის, ერთგულებისათვის, შრომისმოყვარეობისათვის და ერთიანობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისათვის და მხარდაჭერისათვის. ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა და არ მოაკლოს ჩვენს სამშობლოს მისი მფარველობა“, - აღნიშნა ასათიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი