მეწყრული პროცესები ქობულეთში

21 ოქტომბერი 2024, 14:14 439 ნახვა

სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 39 შეტყობინებაა შესული ქობულეთში. აქ უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უსაფრთხო მისამართზე გაყვანილია მხოლოდ ერთი  ოჯახი.

სოფელ ლეღვასა და წყავროკაში მეწყერმა საცხოვრებელ სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს ზიანი მიაყენა. წყავროკაში მცხოვრები ანანიძეების 6-წევრიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი მე-2 დღეა დახმარებას ითხოვს.

როგორც ამბობენ, ძლიერი წვიმების გამო საცხოვრებელი სახლის სახურავის ნაწილი ჩაინგრა. არის მეწყრული პროცესების საფრთხეც. ამბობენ, რომ დახმარებისთვის შესაბამის სამსახურს უკვე მიმართეს. მერიაში აცხადებენ, რომ მათ მდგომარეობას შეისწავლიან.

ასევე ძლიერი წვიმის შედეგად  სოფელ საჩინოში, თურმანიძეების საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელი დაზიანდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ფერდსამაგრ კედელს ბზარები სტიქიამდეც ჰქონდა და ითხოვდნენ ახალი კედლის მშენებლობას. ამბობენ, რომ ელოდებიან დახმარებას. ტერიტორია შესაბამისმა სამსახურებმა უკვე შეისწავლეს.

4 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული სოფელ საჩინო-თურმანიძეების მიმართულებით, სადაც მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში