ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თურქეთის ქალაქ ილდირში იმყოფება. მან ამ ქალაქში არსებული ლიფტების საწარმო მოინახულა, სადაც ბათუმისთვის დაკვეთებს ამზადებენ. წელს დაგეგმილია 25 ძველი ლიფტის ჩანაცვლება ახლით.
„ბათუმის მერიის მიერ ხორციელდება ძველი ლიფტების აქტიური ჩანაცვლების პროცესი, რომლის ფარგლებშიც, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მისამართზე 25 ლიფტი შეიცვლება. საერთო ჯამში, პროექტი მოიცავს 98 ლიფტის ჩანაცვლებას.
კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლიფტების მწარმოებელ ინდუსტრიაში. მათი მომსახურების სპექტრი მოიცავს როგორც თურქეთის რესპუბლიკას, ასევე მთელს მსოფლიოს, არაერთი სერტიფიკატის მფლობელია და ლიფტების წარმოების ბაზარზე აღიარებულია მაღალი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ქარხნის ხელმძღვანელებთან და განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.