2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო, როცა ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს ქონება, 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული - პრემიერი

17 სექტემბერი 2024, 12:00 132 ნახვა

2012 წლამდე 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება; 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ყველას გახსოვთ 2012 წლამდე რა ვითარება იყო ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით, რამდენად მძიმე ზეწოლა იყო ბიზნესზე, პირდაპირი ტერორი ხორციელდებოდა ბიზნესმენების მიმართ. იყო ათასობით ფაქტი იმისა, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფოზეც კი უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სხვა კერძო პირებზე უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება. 10 000-მდე შემთხვევა იყო მხოლოდ ისეთი, როდესაც ბიზნესმენებმა სახელმწიფოზე გადააფორმეს საკუთარი ქონება. 2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არის ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ან ბიზნესზე წნეხი და ტერორი დასრულდა, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორებიც იყვნენ 2012 წლამდე.

 

დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. არავითარი წნეხი ბიზნესზე არ არსებობს, პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად არის მონდომებული, რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას.

„ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ, აღმოვფხვრათ სიღარიბე და უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ დროს ღია ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის და ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მთავარია 3 ფაქტორი, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არის პირველ რიგში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, მეორე - ბიზნესის თავისუფლება და მესამე - მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში