ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება - ეროვნული ბანკი

04 სექტემბერი 2024, 17:18 220 ნახვა

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით დაიკლო და 1.0% შეადგინა. მათივე ცნობით, ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.1%-ით შემცირდა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს. ხოლო საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 0.9% შეადგინა.

„აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით ყველაზე მეტად სამომხმარებლო ფასებზე ინტერნეტის გადასახდელმა იმოქმედა. ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესება ივლისში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა, რასაც ფასის შესაბამისი გაძვირება არ მოჰყოლია. ამის გავლენით თვის ინფლაციამ 0.2 პროცენტული პუნქტით დაიკლო. წლიურ ჭრილში ინფლაციას ყველაზე მეტად ბენზინის გაძვირება ზრდიდა.

გასულის წლის აგვისტოსთან შედარებით ბენზინის ფასები საშუალოდ 15.8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო წვლილი ინფლაციაში 0.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა. ინფლაციის შემცირებას ყველაზე მეტად ინტერნეტის და ელექტროენერგიის გადასახადების გაიაფება, შესაბამისად 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.3 პროცენტული პუნქტით განაპირობებდა. სურსათის ფასები გასული წლის აგვისტოს ფასებზე 0.8%-ით ნაკლები იყო. აქედან ყველაზე გამოსარჩევი მწვანილის და იმერული ყველის გაიაფებაა, რაც ინფლაციას ჯამში 0.5 პროცენტული პუნქტით ამცირებდა“, – ნათქვამია ცენტრალური ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივ ინფლაციას, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული აგვისტოში ის 1.1%-მდე შემცირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი