გიორგი ამილახვარი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

12 აგვისტო 2024, 10:35 260 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა!

ჩვენი ქვეყანა კვლავ უერთდება საერთაშორისო ინიციატივას და ერთად აღვნიშნავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობასა და მათი მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურება.

არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ ახალგაზრდა თაობა არის ჩვენი მომავალი და ის ძალა, რომელზეც დგას ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და თვითრეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ექნება.

პირადად მე, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ – განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ისეთი პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობის პოლიტიკა განათლების სისტემის ნაწილი გახდა, ახალგაზრდებს არაერთი სიახლე შევთავაზეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო წლიდან ჩვენი მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვან მხარდამჭერ ინიციატივებს განვახორციელებთ.

მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში უამრავი ნიჭიერი ბავშვი და ახალგაზრდა გავიცანი. თითქმის ყოველდღიურად მაქვს შეხება მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს მართლაც სამაგალითო, გამორჩეული და პროგრესული ახალგაზრდობა, რომელიც მჯერა განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს საქართველოს წინსვლისა და განვითარების საქმეში!

მსურს, მივმართო ახალგაზრდებს – ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ამ დღეს. მეამაყება თითოეული თქვენი მიღწევა და ცხოვრებაში კიდევ ბევრ გამარჯვებასა და წარმატებას გისურვებთ. გპირდებით, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელი შეგიწყოთ საინტერესო იდეებისა და ინიციატივების განხორციელებაში ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.“ – აღნიშნულია მილოცვაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი