ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს - ჯანდაცვის მინისტრი

11 აგვისტო 2024, 10:31 135 ნახვა

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომლებიც შეიძლება საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით, გარკვეული კვლევითი საგანმანათლებლო დაფინანსება ხორციელდება, თუმცა, ეს არ არის ძირითადი ფუნქციის განხორციელება ამ დაწესებულების მხრიდან. ტრენინგებისა და კვლევების განხორციელება მნიშვნელოვანია, მაგრამ, ეს დაწესებულება, თავის ძირითად უფლებამოსილებას, სახელმწიფოს დაფინანსების საფუძველზე ახორციელებს. აქ საუბარია დამატებით გარკვეული ფუნქციების განხორციელებაზე, როგორიცაა კვლევითი მიმართულებების განვითარება. ეს არ ნიშნავს რომ ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ფუნქციონირებას, რაიმე ფორმით, შეიძლება ხელი შეეშალოს. ეს არ არის ამ მასშტაბის დაფინანსება. ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო და ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქიდან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომლებიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა, არ არის, მხოლოდ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები. ამით, რა თქმა უნდა, ისარგებლებს ამერიკული და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ კვლევაშია ჩართული. ასეთ ფონზე, ასეთი ჰუმანიტარული სფეროს შემხებლობა არავისთვის მოსალოდნელი არ უნდა ყოფილიყო. არ არის ეს ის სფერო, რომლის ინტერესებიც, შეიძლება, დაზიანების რისკებს დაექვემდებაროს, რაც არ უნდა ეს პოლიტიკურად საინტერესო იყოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში