რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან - უკრაინის საგარეო უწყება

07 აგვისტო 2024, 15:45 345 ნახვა

რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოს სუვერენული ტერიტორიებიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.

„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილს. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდხნიანი იმპერიული პოლიტიკისა, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, დაისაჯონ რუსი დამნაშავეები ყველა დანაშაულისთვის და სისასტიკისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი