მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა

02 აგვისტო 2024, 00:26 766 ნახვა

ქართველი მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველმა ყაზახი ბაზარბაი ულუ მუხამედსაბირი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველი რაუნდი მეტოქემ მოიგო, ხუთივე მსაჯმა ყაზახს მიანიჭა უპირატესობა, ხოლო მეორე რაუნდში უკვე ლაშამ იმარჯვა ხუთივე მსაჯის გადაწყვეტილებით.

გადამწყვეტი მესამე რაუნდი იყო, რომელიც ბრძოლის კულმინაცია გამოდგა. ხუთიდან ორმა მსაჯმა ყაზახს მიანიჭა უპირატესობა, მაგრამ სამმა - ქართველს შესაბამისად, გურულმა მოიგო და ნახევარფინალშია.

კრივის წესებით, ნახევარფინალში გასვლით ლაშა გურული უკვე მედალოსანია.
ნახევარფინალური ბრძოლა 4 აგვისტოს, თბილისის დროით 19:06 საათზეა დანიშნული. მისი მეტოქე კუბელი ალვარეს ბორხესი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედალი 24-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. 2000 წელს, სიდნეიში, ვლადიმერ ჭანტურია ბრინჯაოს დაეუფლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში