10 დაღუპული და 47 დაშავებული

03 აპრილი 2017, 00:00 3438 ნახვა

ბოლო ინფორმაციით სანკტ-პეტერბურგში აფეთქებისას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს რუსეთის მხარე.  უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.

განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. 

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურში შუადღისას მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი, რომელმაც ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, ფარულმა კამერამ დააფიქსირა. ამ დროს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა.  აფეთქების გამო დახურულია მეტროს ყველა სადგური. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაღუპულია 10 და დაშავებულია 47 მოქალაქე. მომხდარის გამო უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა მოსკოვის მეტროშიც.  

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში