ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება

09 ივნისი 2024, 11:55 272 ნახვა

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება. ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება.

ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტიები, სავარაუდოდ, რეკორდული რაოდენობის მანდატებს მოიპოვებენ.

გამოკითხვების თანახმად, უმსხვილეს ბლოკად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ დარჩება, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპარლამენტში თავის 176 ადგილს შეინარჩუნებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალისტები“ და „დემოკრატები“, სავარაუდოდ, მეორე ადგილს შეინარჩუნებენ, დაახლოებით 139 მანდატით, თუმცა, ცენტრისტული „განახლება“ და „მწვანეები“, დიდი ალბათობით, მანდატებს დაკარგავენ.

ევროპარლამენტის ოთხდღიან არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს ნიდერლანდებში დაიწყო, დაახლოებით, 361 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრა დღეს დასრულდება, როდესაც იტალიაში საარჩევნო უბნები დაიხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი