ბათუმის ბიუჯეტი 450 მილიონი ლარი გახდა

31 მაისი 2024, 15:43 432 ნახვა

დღეს ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. დამტკიცდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლის თანახმად, ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა და 450 მილიონი ლარი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაზრდილი ბიუჯეტი ძირითადად ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა.

სხდომას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც გაზრდილ ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ბათუმის ბიუჯეტი 68 მილიონი ლარით გაიზარდა და 450 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი 25 მილიონი ლარია. საკუთარი შემოსავლების ზრდა ფიქსირდება და დაახლოებით 43 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი არის გარდაუვლად გამარჯვების ფორმულა და უწყვეტ რეჟიმში მუშაობა აისახება ჩვენს მოქალაქეებზე.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა 1 მილიონ 200 ათას ლარამდე რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 3000 ბენეფიციარი ისარგებლებს განახლებული და ახალი პროგრამებით. პრაქტიკულად ყველა საჭიროების მქონე ჯგუფი დაკმაყოფილებული იქნება.

მნიშვნელოვანია, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებებიც, რომელიც 1 მილიონ 600 ათასი ლარით გაიზარდა. ჩვენ ვართ როგორც ევროპის სპორტის, ასევე ევროპის კულტურის ქალაქი, გვაქვს UNESCO-ს შესაბამისი ჯილდოც და ბუნებრივია მზარდია ინტერესი როგორც ფესტივალები, ასევე ახალგაზრდობის ჩართულობის ნაწილში. სპორტის მიმართულებით გვაქვს წარმატებები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მათი შენარჩუნება და სამომავლოდ განვითარება.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ბათუმს მოქალაქეებზე კიდევ უფრო მორგებულს, კომფორტულსა და უსაფრთხოს გახდის. განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება 11-ამდე სარეკრეაციო სივრცის მშენებლობა, 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ეზოების კომუნალური სისტემის მოწყობა. პროექტი გარდამავალია და მომდევნო წლების განმავლობაში აქ მივიღებთ ისეთივე ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფი, ლეონიძის ქუჩა, გმირთა ხეივანი, ბათუმის შემოვლითი გზა, რომლის გახსნაც მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისამდე იგეგმება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მიერ.

წელსვე ვგეგმავთ შევისყიდოთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ერთ-ერთი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისათვის.

ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წერეთლის, შავშეთისა და სევერიან აჭარელის ქუჩებს, დავიწყებთ მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობას. ეს პირდაპირ უზრუნველყოფს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას ორივე მიმართულებით და, რა თქმა უნდა, აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო გახდება საფეხმავლო გადაადგილებისათვის.

აღნიშნულ ბიუჯეტში ასევე ჩადებულია მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების კუთხით, განსაკუთრებით კი ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე. KfW-ს მეხუთე ფაზის სამუშაოების პარალელურად, აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და ბათუმის წყლის ჩართულობით განხორციელდება ახალი პროექტები მწვანე კონცხის დასახლებაში, რის შედეგადაც მოხდება მწვანე კონცხისა და ნაწილობრივ მახინჯაურის დასახლების სრული წყალმომარაგება. ახალი რეზერვუარების მშენებლობა ასევე დაიწყება ავგია-ახალსოფლის მიმართულებით.

ამავდროულად იგეგმება ყოროლისთავის დამბის მშენებლობა-აღდგენა, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები და ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი წყალმომარაგებით.

სამომავლოდაც, ჩვენი თანაქალაქელების დაკვეთითა და მოთხოვნით, განვახორციელებთ კიდევ უფრო მეტ და მნიშვნელოვან პროექტს, მივიღებთ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურასა და სერვისებს. ის ტრადიციები, რომელიც წარმატებების მომტანია როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების, ევროპის სპორტისა და კულტურის ქალაქის, წამყვანი ბოტანიკური ბაღის მიმართულებებით, ბუნებრივია გაგრძელდება. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აქ ცხოვრება იყოს კომფორტული და უსაფრთხო, ვუმასპინძლოთ ძალიან ბევრ სტუმარს და წარმატებული ოთხივე ტურისტული სეზონი ჩავატაროთ ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი