სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას - ჯანდაცვის მინისტრი

30 მაისი 2024, 17:14 346 ნახვა

სახელმწიფო თავად უზრუნველყოფს ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას საზღვარგარეთაც და საქართველოშიც, ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გამჭვირვალობის შესახებ კანონი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას აფერხებს.

"ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობით ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მწვავე დაავადებებთან ბრძოლას და ასე შემდეგ. ნუ დავთესავთ ყალბ პანიკას, რადგან სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც უკავშირდება მკურნალობას, საზღვარგარეთაც და საქართველოშიც. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ შესაძლებლობას, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით იყოს დაკავებული. ვისაც შეცდომა მოუვიდა და არასწორად გაავრცელა ინფორმაცია, ვურჩევდი სწორად გაეცნონ ინფორმაციას. ვინც ეხმარება ხალხს და ქველმოქმედებას ეწევა, არავისთვის არ შექმნილა რაიმე მიზეზი, რომ ხელი აიღოს ქველმოქმედებაზე. ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, უპრობლემოდ განახორციელებს. რაც შეეხება საკითხს, რომ შეიძლება, ვინმე მკურნალობის გარეშე დარჩეს, ნუ უხეთქავთ ადამიანებს გულებს, არავინ დარჩება მკურნალობის გარეშე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზეც ისაუბრა.

მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.

„ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით: 2019 წელს – 36 მლნ ლარი; 2020 წელს – 39 მლნ ლარი; 2021 წელს – 123 მლნ ლარი; 2022 წელს – 143 მლნ ლარი; 2023 წელს – 174 მლნ ლარი. წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა. საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი