მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე, ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის - ევროკომისიისა და ჯოზეფ ბორელის განცხადება

28 მაისი 2024, 20:22 439 ნახვა

ევროკავშირი ღრმა სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისა და ევროკომისიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამნია, რომ ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულებაა საჭირო.

"ევროკომისია ღრმად დამწუხრებულია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე და ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების უგულვებელყოფით, რომელიც მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა, გაუქმებულიყო ეს კანონი. ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს კანდიდატის სტატუსის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში გაწერილი და ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, სამის შემთხვევაში უკუსვლას (დეზინფორმაციის, პოლარიზაციის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროპულ გზაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღმა, ამ დრომდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებული არსებითი პროგრესის მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ მმართველი ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულებაა საჭირო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი