ქობულეთში ფერდობის ჩამოშლის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა - დაწყებულია გამოძიება

17 მაისი 2024, 11:12 849 ნახვა

 ქობულეთში, სოფელ კვირიკეში შუა ხნის მამაკაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი კერძო მესაკუთრის დაკვეთით, სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, იგი მილების გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა. სამუშაოების შესრულების დროს ფერდობი ჩამოიშალა და მიწის მასის ქვეშ მოიყოლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული, რომლებმაც მამაკაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ში გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდარს შპს "გზა" განცხადებით გამოეხმაურა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობასთან.

"შპს გზა ღრმა პატივისცემით უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს უბედური შემთხვევის გამო, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს მოხდა.

მომხდარის გამო ვრცელდება დეზინფორმაცია, ამიტომ საჭიროდ ვთვლით გავაკეთოთ ოფიციალური განცხადება, რათა არ მოხდეს რეალური ფაქტების ინტერპრეტაცია.

შპს გზა სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დაკვეთით ახორციელებდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის სოფლების წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოები სრულდებოდა გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებითა და გერმანული კომპანია MACS Energy & Water-ის ზედამხედველობით, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების, პირველ რიგში კი უსაფრთხოების საკითხების სრულ და მკაცრ დაცვას.

შპს გზა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომხდარი სამწუხარო ფაქტი იყო უბედური შემთხვევა და არანაირ კავშირში არ არის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობასთან.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს"- აცხადებენ კომპანიაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი