ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი 2024, 12:31 229 ნახვა

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვებს სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს.

კობახიძის თქმით, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს უნგრეთის პრემიერთან ერთად საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა აქვს.

„საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას"– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში