თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

01 აპრილი 2024, 13:24 287 ნახვა

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა.

მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოღანის პარტიას წინა მუნიციპალური არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო. მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ხმების 60%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა მანსურ იავაშმა. მის კონკურენტს ერდოღანის პარტიიდან, ხმა მისცა დაახლოებით 32%-მა.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატები მერის არჩევნებში ლიდერობენ 20-ზე მეტ დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირსა და ანტალიაში. ერდოღანმა თქვა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში პირველ ყოვლისა, გაიმარჯვა თურქეთის დემოკრატიამ და ხალხის ნებამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოღანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში