საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები - რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 11:30 449 ნახვა

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები, ამ 32 წლის მანძილზე, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო ტრაგიკული ანექსიის დღე წითელი არმიის მიერ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრილვარ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით, ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, ბევრი პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.

დანიგანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველომ და აშშ-მა ურთიერთობები კიდევ მეტად უნდა გააღრმაონ.

„ვიმუშავებთ, რომ იყოს კეთილდღეობა და სტაბილურობა. ამ სიტყვებით პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ალიანსები, პარტნიორობა უნდა იყოს გაფართოებული და სწორედ ეს მთხოვა მან, როდესაც საქართველოში მოვდიოდი, რომ გაგვეღრმავებინა ჩვენი უკვე არსებული კარგი და ფართო თანამშრომლობა. ჩვენ განსაკუთრებულად კარგი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ გვაქვს თავისუფლების საერთო სიყვარული და რწმენა, რომ გვაქვს ამის მზაობა და შეგვიძლია, სამყარო ვაქციოთ უკეთეს ადგილად ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა დანიგანმა.

მისი თქმით, შეერთეული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.

„საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი და ეს იყო დიდი მიღწევა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გვინდა, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ბევრს მუშაობდა და დიდი ძალისხმევა ჩადო ამაში. მზად ვართ, შემდგომი თვეების, წლების განმავლობაში მხარი დაგიჭიროთ, შეასრულოთ ცხრა პირობა, გქონდეთ წინსვლა ამ გზაზე. აშშ მზად არის ამისთვის. აგრეთვე, ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტზე. ჩვენ ვითანამშრომლებთ და გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოების ყველა სფეროსა და ასპექტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მას შემდეგ, რაც ჩამოვედი საქართველოში, იყო ის, რომ წავედი ბრიუსელში, იქ ვისაუბრე საქართველოს კანდიდატობაზე და იმაზე, თუ რა შეუძლია, აშშ-ს გააკეთოს, რათა უკეთ დაგეხმაროთ ამაში; რამხელა და როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მხარდაჭერა, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი თქვენი მიზნის მისაღწევად"- განაცხადა დანიგანმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში