დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა - ზურაბ აზარაშვილი

05 თებერვალი 2024, 18:05 385 ნახვა

პრიორიტეტული რჩება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვა, დიალიზის, ტრანსპლანტაციის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დაიწყო და სერვისი 12 რეგიონში დაემატა.

„პროგრამის გაფართოება 2022 წლის აპრილში დავაანონსეთ. მალევე მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. 2023 წლის დეკემბრიდან, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილსა და ხულოში. უახლოეს მომავალში მომსახურების მიღება იწყება და წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჭიათურაში, საგარეჯოში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორში, კასპსა და დედოფლისწყაროში. შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება გეოგრაფიული მოცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინერგება ტელემედიცინის სერვისები.

„ჩავატარეთ 1000-ზე მეტი სოფლის ამბულატორიის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი. 2023 წელს, დავიწყეთ 100-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც ყოველწლიურად უწყვეტად გრძელდება. გრძელდება სოფლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინოვაციური ტექნოლოგიების, კერძოდ ტელემედიცინის დანერგვა, რითაც უკვე 2500-მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში