აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა ინიციატივა, რომ მოჭიდავეს, 2023 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლერი აბულაძეს გადაეცეს საცხოვრებელი ბინა.
,,მოგეხსენებათ, რომ სპორტული მიღწევების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო აჭარისთვის. ასე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ლერი აბულაძეს, ჩვენ სახელოვან მოჭიდავეს გადაეცეს ბინა შესაბამისი ფონდიდან და ამით დავუფასოთ ის შედეგები, რომელიც აქვს მიმდინარე წელს"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კულტურის მუშაკთა და სპორტული ფედერაციების დაფინანსების ზრდაზე.
,,იზრდება დაფინანსება კულტურის სფეროს მუშაკთა წახალისების, მათი მხარდაჭერის კუთხით. გაიზარდა დაფინანსება სპორტის და განათლების მიმართულებით, ასევე, სპორტული ფედერაციების კუთხით. შედეგებიც მეტყველებს, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და სტიმული აქვთ სპორტსმენებს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა.