ილუზია არ გვაქვს, რომ ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ - მდინარაძე

15 ნოემბერი 2023, 15:03 484 ნახვა

არსებულ 9 რეკომენდაციას კიდევ 19 და ბევრი ასეთი საკითხი მოჰყვება და ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც ბუნებრივია, თუ ვინმე ობიექტურად და გულწრფელად მონაწილეობას მიიღებს, ეს იქნება კარგი. თუმცა, მათგან ამაში დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის ნულია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით რთული გზაა გასავლელი.

„მოკრძალებული „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ეს სიტყვა ყველაზე ნაკლებად შეესაბამება მათ რომელიმე თვისებას. სამუშაო ჯგუფები, ფორმატები მომავალში იქნება მრავალი, რადგან არათუ ეს ცხრა, არამედ ბევრად მეტი რეკომენდაცია, მათ შორის გასათვალისწინებელი, მათ შორის სადისკუსიო გვექნება. ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რომ არ გვიჯერებდნენ, იმ საკითხზე ვსაუბრობ.

 

ბოლო დღეებში გვქონდა, როდესაც  რეკომენდაცია უნდა გაეცა ევროკომისიას. ინტენსიური კომუნუკაცია გვექნება და თითოეულ ამ საკითხს დეტალურად გავივლით ხოლმე, რომ არ დავაზიანოთ, ერთი მხრივ, ევროპულ გზაზე სწორად სვლა და მეორე მხრივ, ქართული ეროვნული ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ბევრი ფორმატი და ეს მომდევნო წელს იქნება, თუ იმის მომდევნო წლებში, დაკონკრეტებას რომ მთხოვენ ხოლმე, ვსაუბრობ 2024 წელს, 2025 წელს და ასე შემდეგ.

 

ჩვენ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რადგან აბსოლუტურად არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და ვაიმე აქამდე შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ, ბუნებრივი ამბავია. რადგან ამას არ იზამენ, ჩვენ გვექნება რთული გზა ევროპისკენ, გუშინაც ვთქვი, ეკლიანი გზა. ამ ბევრ ეკალს უზრუნველყოფენ ესენი და მათი პატრონები გარედანაც, მაგრამ ჩვენ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. სამუშაო ფორმატი იქნება თუ სხვადასხვა, ბევრი ასეთი საკითხია, ეს ცხრა კი არ არის მხოლოდ. ამ ცხრას 19 და 29 მოჰყვება, ძალიან ბევრი ქინება ასეთი. ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც ბუნებრივია, თუ ვიღაც მონაწილეობას ობიექტურად და გულწრფრელად მიიღებს, იქნება კარგი, თუმცა ამის დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის მათგან ნულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერ გადალახვის შიში, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება.

მდინარაძის თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს უნდა გადახედონ.

„წლები რომ გადის და მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, უნდა მიხვდნენ, ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ რაღაცები შეცვალონ, ან მესიჯბოქსში, ან ქმედებაში, ან სულ მცირე თავისი ქვეყანა არ უნდა დააზიანონ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, ამით დაზიანდეს ხელისუფლება. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები, მოვლენები, მესიჯები და ა.შ. ვფიქრობ, მხოლოდ ამით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე ადამიანს უნდა პარლამენტარის მანდატი და არ აქვთ ის ამბიციები, რომელზეც თავად საუბრობენ ხოლმე. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. ევროპაში რაც არის მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს ცუდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხისტი პოზიცია ექნებათ ჩვენს  ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი