ქობულეთში, სოფელ ქაქუთში საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა

03 ოქტომბერი 2023, 13:52 869 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, ზაქარიაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ჩამოშლილმა მიწის მასამ სოფლის შიდა საავტომობილო გზაც ჩახერგა.

ოჯახის მეპატრონის თქმით, მეწყერული პროცესი დაახლოებით ღამის 4 საათზე განვითარდა. მიწის მასამ სახლთან არსებული საყრდენი კედელი მოანგრია.

მისივე თქმით, სახლში გაჩერება საფრთხის შემცველია, რის გამოც ისინი ღამის გათენებას დროებით მეზობელთან აპირებენ.

დაზარალებული ოჯახი ქობულეთის მერმა მოინახულა. ლევან ზოიძის განცხადებით, მეწყრის შედეგად დაზარალებულების საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ეზოს, გეოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგადაც გადაწყდება ოჯახის დახმარების საკითხი.

მისივე განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ყველა მიმართულებით მუშაობს. ამ დროისთვის სოფელ ქობულეთიდან, ქაქუთიდან და გვარადან სამი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. 

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ სახალვაშოშიც. მიწის მასა  სახალვაშოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ჩამოწვა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით, მუნიციპალიტეტში 8-ერთეული ტექნიკა მუშაობს.

უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. 

მათივე ცნობით, ბაზრის დატბორვასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ მოვაჭრეებთან, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში