მძიმე დაზიანების გამო ჯოვინომ სტადიონი სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა

16 სექტემბერი 2023, 20:49 853 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმის ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა მძიმე დაზიანება მიიღო.

ბათუმელები თელავში ადგილობრივ კლუბს ეთამაშებოდნენ. მატჩის კომპენსირებულ დროში 94-ე წუთზე ''დინამომ'' მაღალი ბურთი ''თელავის'' საჯარიმოში ჩააგდო, ჯოვინომ სიმაღლეზე ახტა რა დროსაც თელაველთა მეკარემ ბურთზე თამაში გადაწყვიტა და ბრაზილიელს მუხლი კეფის არეში მოხვდა.

მთავარმა არბიტრმა კი ეპიზოდში ჯოვინო დაადანაშაულა.

დაშავებულ ფეხბურთელთან ბათულელების სამედიცნო წარმომადგენლების მისვლის შემდეგ სტადიონზე მყოფი სხვა მედიკოსებიც ჩაერთნენ საქმეში და მოედანზე ჟანგბადის ბალონის გამოტანა გახდა საჭირო.

დაახლოებით 20 წუთიანი ეპიზოდის შემდეგ ჯოვინო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ბრაზილიელმა სტადიონი სასწრაფო დახმარების მანქანით დატოვა.

"დინამო" ბათუმმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:

"ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტრავმის სიმძიმის შესახებ დამატებითი დეტალები კომპიუტერულ - ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი",- წერია განცხადებაში

მატჩი ''თელავის'' გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში